დარია თუ ავდარია



          გამოგიტყდებით და, არასდროს მიფიქრია მასწავლებლობაზე, თუმცა ჩემი ქვეყნის ისტორია და ქართული ლიტერატურა დედის რძესავით მქონდა შეთვისებული. სრულიად შემთხვევით,ჩემი მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით აღმოვჩნდი სკოლაში ამ ოციოდე წლის წინ. 
      და რადგან ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპია, შეძლებისდაგვარად სრულყოფილად ვაკეთო საქმე, რომელსაც შევუდგები, ვიყო პროფესიონალი, ახლა მგონია,რომ ურიგო მასწავლებელი არ უნდა ვიყო (აკი ის ყბადაღებული სერთიფიკატიც პირველივე წელს ავიღე).ისე შემიყოლია სკოლამ,ბავშვებმა, რომ დღეს უკვე ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სისტემაში და ყოველ გამოშვებას ჩემი გული და სული მიჰყვება.მართალი ყოფილა:,,ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა ამ ყვეყნად კაცს, რომ საკუთარი ადგილი და საკუთარი თავი იპოვოსო ბოლოს".
         მეც ვიპოვე!
    და იმ უკიდეგანო სამყაროში, რასაც სწავლება ჰქვია,ჩემი ნიშა, ჩემი გულისა და გონების ადგილი ვიპოვნე-ვაჟა!
       ჩემი სისუსტე (არ ვიცი, იქნებ ძლიერი მხარე) ვაჟა-ფშაველაა.მთებში შეყუჟული ეს დიდი გეგიოსი,ვისაც ხანდახან ლუკმა-პურიც სანატრელი ჰქონია,ჩვენ თვალწინ დადნა, როგორც მთიდან ჩამოტანილი ყინულის ლოდი ქალაქის მთავარ მოედანზე.
       ვთვლი, რომ ვაჟა ძალიან დიდი იყო თავის თანამედროვეთათვის,ძალზე რთულია ჩვენი საუკუნისთვის და მისი საბოლოო შესწავლა, ამოხსნა, მომავალი საუკუნეების წილხვედრია.
    ვთვლი,რომ თუ ვაჟას კარგად შევასწავლი ბავშვებს,მათ არა მარტო ქართული ლიტერატურა ეცოდინებათ, მსოფლიო მოქალაქეებად, მამულიშვილებად,ტრადიციების
ერთგულ, მაგრამ სიახლის განცდის მქონე დამოუკიდებლად მოაზროვნე ახალგაზრდებად ჩამოყალიბდებიან,მათთვის არც ტოლერანტობა იქნება უცხო და არც მცნება, რომ ,,ჩაკეტილი კარი უნდა შეინგრეს, რომ სუფთა ჰაერმა შეაღწიოს..."(ბიბლია. სოლომონი)
        ჩემთვის უმთავრესი არ არის ცნობილ თეორეტიკოსთა მოძღვრებებიდან ამოღებული ფრაზებით თავის მოწონება (თან, რაც მეტი უცხო სიტყვა იქნება მოხმობილი, თურმე, ამით იზომება მავანის განათლების ხარისხი, არც მათ განთავსებას ვაპირებ ბლოგის მთავარ გვერდზე), მე უზნაძეს,ნიკო ნიკოლაძეს, ილიას, ვაჟას, ფილიპე გოგიჩაიშვილს, ბაქრაძეს, ასათიანს, მამარდაშვილსაც ვჯერდები, თუმცა დროდადრო პლატონს,ფროიდს, ნიცშეს თუ პიაჟესაც მოვიხმობ, გაბრიელა მისტრალის წინაშეც ქედს ვიხრი, არც ,,ცხრა გზავნილი მასწავლებელს"დამვიწყებია და აბრაამ ლინკოლნის ცნობილი წერილითაც მოხიბლული ვარ,
     ვასწავლი ბავშვებს,თუ როგორები არ უნდა იყვნონ, ვასწავლი მარტივად,ყოველგვარი ,,იზმის", ,,ისტის" და ,,აციის"გარეშე, რადგან ურყევად მჯერა, რომ ,,ყველაფერი გენიალური არის მარტივი".
              ვცდილობ,ჩემმა ბავშვებმა ცხოვრების საგზლად გაიყოლონ უკვდავი ფრაზები:
 ,, ბალახი ვიყო სათიბი,
  არა მწადიან ცელობა,
  ცხვრადვე მამყოფე ისევა, 
  ოღონდ ამშორდეს მგელობა.."
                                                       ,,რაც უნდა ბრალი მომკერძონ,
                                                         ბილწთ არ შავეკვრი ზავითა.
                                                         მცნებას ვერ შემაცვლევუნებთ
                                                          მოზღვავებულის ავითა"
,,ყველანი მართალს ამბობნ, 
განა ვინაცა ჰფიციან?!..."
                                                      ,,შენ ნუ გგონია სიცოცხლე
                                                        სამოთხის კარი ღიაო..."
     და რაც უმთავრესია:
                                                 ,,არა თქვენ,სადიაცენო,
                                                   რო ძროხებივით სძღებითა;
                                                   ღამე მაძღრები დასწვებით,
                                                   დილით მშივრები სდგებითა;
                                                   თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
                                                   არც როს არ გამასდგებითა.
                                                   თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
                                                   ლეში ალაღოთ,ჰკვებითა;
                                                   გაიგებთ კარგის გარჯასა,
                                                   გწყინსთ და შურითა ხდებითა.
                                                   უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
                                                   უქმად საფლავში სწვებითა;
                                                   დაჰკარგავღთ სააქაოსა,
                                                   ვერც საიქიოს სწვდებითა.
                                                  არ იცით დაჩნდით რისადა
                                                  ანდა რისთვისა ჰკვდებითა."
      ყოველ ჩემს გამოშვებას კი კიდევ ერთხელ შევახსენებ,რომ შორეული საუკუნეებიდან მოგვძახის ჩვენი წინაპარი:,,დექ მტკიცედ და შეუპოვრად!", ყოველდღიურ სახელმძღვანელოდ ვატან პატრიარქის შეგონებას: ,,დაიცავი საქართველო შენში", ხოლო საშინაო დავალებად კი - ნიკო ლორთქიფანიძის უკვდავ ფრაზას : ,, მ ო უ ა რ ე თ   ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს !"
                                
         

Комментариев нет:

Отправить комментарий